logo
ENG



"ჩარევების უმეტესობა არ შეესაბამება კონსერვაციის საერთაშორისო პრინციპებს" - ICOMOS გელათზე

05 დეკ 202220:54
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/05/27th7dmuybdmkvb.jpg

არასამთავრობო ორგანიზაცია ICOMOS საქართველო გელათთან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს, ეფუძნება კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტების მიერ გელათის სამონასტრო კომპლექსში ძეგლის კონსერვაციული მდგომარეობისა და კედლის მხატვრობის მონიტორინგის შედეგებს, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს მიერ გელათის სამონასტრო კომპლექსში 2022 წლის 31 ოქტომბერს ორგანიზებული საველე ვიზიტის შედეგად განხორციელდა.

დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს გელათის მონასტრის საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებულ მონიტორინგისა და შეფასებების ანგარიშებს, რომლებიც 2020 წლის შემდგომ პერიოდში შესრულდა.

ძეგლზე სამუშაოები ორი მიმართულებით მიმდინარეობს: კედლის მხატვრობის კონსერვაცია, რომელსაც ხელმძღვანელობს ასოციაცია ჯოვანი სეკო სუარდო და დაზიანებული გადახურვების გადაუდებელი დაცვა და შემდგომი რესტავრაცია, რომელსაც უძღვებიან, უგო ტონიეტი და სარა სტეფანინი.

"საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო 2022 წლის 1-3 მაისს იმყოფებოდა გელათის მონასტერში საქართველოს საპატრიარქოს მოწვევით. ანგარიშიდან გაირკვა, რომ საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო ადასტურებს ადგილობრივი და საერთაშორისო კედლის მხატვრობის სპეციალისტების მანამდე გამოთქმულ აზრს იმის შესახებ, რომ ასოციაცია ჯოვანი სეკო სუარდოს მიერ შემუშავებული მეთოდოლოგია გელათის ღმრთისმშობლის შობის ტაძრის კედლის მხატვრობის გადაუდებელი კონსერვაციისთვის არ შეესაბამება კონსერვაციის საერთაშორისო პრინციპებს და ძეგლის სპეციფიკას.

საბჭომ მკაფიოდ უარყოფითად შეაფასა შერჩეული მეთოდი, განხორციელებული სატესტო ჩარევები და მოითხოვა „გადაუდებელი ჩარევის გეგმის შეცვლა“. მიუხედავად ამისა, საქართველოს საპატრიარქოს მიერ ორგანიზებული ექსპერტთა მისიის დროს გამოვლინდა, რომ 2022 წლის ივნის-სექტემბერში მთავარი ტაძრის ნაწილში განხორციელდა მასშტაბური ჩარევა ადრე შემუშავებული მეთოდოლოგიით. ამასთან ერთად, განხორციელებულია არა გადაუდებელი ჩარევა, არამედ ჩატარებულია სრული საკონსერვაციო სამუშაო.

ამჟამად კედლის მხატვრობის დაზიანება (დასავლეთ მკლავში და მიმდებარედ) კვლავ მიმდინარეობს და მხატვრობის დანაკარგი გაზრდილია. დასავლეთი მკლავის ზედა რეგისტრის სამხრეთ კედელზე მხატვრობის გამაგრება, სავარაუდოდ, დასრულებულია, ხოლო ჩრდილოეთი მკლავის დასავლეთ კედელზე, დასავლეთ მკლავის კამარაში და დასავლეთ კედელზე - ნაწილობრივ დასრულებულია. აღსანიშნავია, რომ დანაკარგები შეინიშნება, სავარაუდოდ, არათავსებადი მეთოდოლოგიით გამაგრებულ არეალებშიც. • დასავლეთ მკლავის სამხრეთ კედელზე გამომარილება მიმდინარეობს იმ ადგილებში, სადაც კედლის გამაგრება გასული წლის პერიოდში განხორციელდა, რაც ადასტურებს იმას, რომ გამომწვევი მიზეზი არ არის გამოკვლეული/აღმოფხვრილი და არ კონტროლდება. • შესრულებულია ახალი ჩასხმები და ქიმების შეკეთება, რომლის მეთოდოლოგიაზე დეტალური ანგარიში არ არის ხელმისაწვდომი. • დეტალური ანგარიშის გარეშე ძნელია ყველა ადგილის ზუსტი განსაზღვრა, სადაც ჩასხმები გაკეთდა, თუმცა შეწყვეტილი პროცესის ადგილები თვალსაჩინოა. • დასავლეთი მკლავის ჩრდილოეთ კედელზე დაფიქსირებულია რეკონსტრუქციისა და ტონირების ადგილები. აღსანიშნავია, რომ ჩარევის ეს მეთოდები არ იყო მითითებული ასოციაცია ჯოვანი სეკო სუარდოს 2021 წლის დოკუმენტში, როგორც ჩასატარებელი სამუშაო.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ჩარევების უმეტესობა არ შეესაბამება კონსერვაციის საერთაშორისო პრინციპებს და ICOMOS-ის პრინციპებს კედლის მხატვრობის შენარჩუნებისა და კონსერვაცია-რესტავრაციის შესახებ. ICOMOS-ი სრულად იზიარებს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს რეკომენდაციებს გელათის კედლის მხატვრობის მდგომარეობის კვლევის, კონსერვაციის გეგმის განახლებისა და ძეგლზე ჩასატარებელი სამუშაოების თაობაზე.

საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო ხაზს უსვამს შესაფერისი დროებითი გადახურვის მოწყობის საკითხს, „აშენდეს დროებითი გადახურვა, რომელსაც ექნება საკმარისი სათავე/ზედა სივრცე, რომელიც დაიცავს მთელ შენობას,...“ ასეთივე მოთხოვნა აქვს ადგილობრივ პროფესიულ საზოგადოებას 2021 წლიდან მოყოლებული. მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 44-ე გადაწყვეტილება გელათის მონასტერზე მოითხოვს „ღვთისმშობლის ეკლესიისა და წმინდა გიორგის ეკლესიის გადახურვასთან დაკავშირებით უზრუნველყოს, მუშაობისთვის უფრო შესაფერისი გადაწყვეტილება, იმგვარად, რომ შესაძლებელი გახდეს კონსერვაციის ღონისძიებების უწყვეტად ჩატარება ….“

2022 წლის მაისში ღმრთისმშობლის შობის ტაძრის დასავლეთ მკლავზე შეიცვალა დროებითი გადახურვა და მოიხსნა დაზიანებული კრამიტის საფარი. ახალი დროებითი გადახურვა, სავარაუდოდ, უზრუნველყოფს შესაფერის განიავებას, მაგრამ არა კვლევისთვის და კონსერვაციის სამუშაოების საჭირო სივრცეს. ანგარიში კრამიტის საფარის მოხსნის პროცესზე არ არის ხელმისაწვდომი, ამიტომ უცნობია, მოხდა თუ არა კრამიტის მოხსნის დროს გამოვლენილი ინფორმაციის ინტეგრაცია კედლის მხატვრობის კონსერვაციის კვლევის/დაგეგმვის პროცესში, რასაც დიდი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს.

აუცილებელია, ინტეგრირებული კონსერვაციის მართვის გეგმის განახლება, როგორც ამას მოითხოვს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 44-ე რეზოლუცია. ინტეგრირებულმა კონსერვაციის მართვის გეგმამ მკაფიო სტრუქტურით და ამოცანების განსაზღვრით უნდა უზრუნველყოს კოორდინაცია სპეციალისტების ჯგუფებს შორის, რომლებიც მუშაობენ კედლის მხატვრობაზე, ნაგებობასა და გარემოზე", - წერია ICOMOS-ს ანგარიშში.


close დახურვა